18 February 2017

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით




განათლების სფეროში ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია
წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის
როლისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ. 2016 წლის სექტემბერ-დეკემბერში
კოალიციამ განახორციელა კვლევა - „განათლების საკითხების გაშუქება საზოგადოებრივ
მაუწყებელზე,“ სადაც შეისწავლა თუ რამდენად პრიორიტეტულია საზოგადოებრივი
მაუწყებლისათვის განათლების საკითხების გაშუქება (კვლევის სრული ვერსია
შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: goo.gl/6RitBm).
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიისა და პროგრამული პრიორიტეტების
(ინფორმირება, განათლება, გართობა) მიუხედავად, დღემდე, განათლების საკითხები
არასათანადოდ იყო წარმოდგენილი (მაგ. არ არსებობს ცალკე გადაცემა განათლების
მიმართულებით; საზოგადოებრივი მაუწყებლის თემატიკის ჩამონათვალში არ არის
ცალკე გამოყოფილი განათლება და ნახსენებია მხოლოდ მეცნიერების თემატიკის
განმარტებისას). შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით საზოგადოების
აზრს მაუწყებელში განათლების თემატიკის მეტად წარმოჩენასთან დაკავშირებით.
აღნიშნულს ასევე მოწმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური
დირექტორობის
ყოფილი კანდიდატების, გენერალური დირექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებები/განვითარების ხედვები). ამასთან, განათლების თემის მიმართ საკმაოდ მაღალია საზოგადოების ინტერესი (მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები და ა.შ.) რაც საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
 
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს
საზოგადოების განვითარების საჭიროებებსა და ინტერესებს. შესაბამისად, მისი ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ განათლება უნდა იყოს. კომერციული
ტელევიზიისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას შეუძლია არ იყოს
სრულად ორიენტირებული რეიტინგებზე და აქცენტი პრობლემის სიღრმისეულ
გაშუქებაზე გააკეთოს. გარდა ამისა, მას აქვს განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მედია წიგნიერებისა და მედია-განათლების განვითარების კუთხით
(ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკომენდაციები, „ხედვა 2020“).
 
იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთხსენებული საკითხები მაქსიმალურად იქნება
გათვალისწინებული და მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩავერთოთ
რეფორმის შემუშავების პროცესში (მაგ. სამუშაო ჯგუფები).

შეჯამებისათვის, მოკლედ წარმოგიდგენთ რეკომენდაციათა სიას:
1. პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებისას განათლების რეფორმა
განისაზღვროს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტად;
2. მენეჯმენტის მიერ შემუშავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განათლების
პროგრამული პრიორიტეტების განხორციელების სამოქმედო გეგმა და
განისაზღვროს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება
სტრატეგიული მიმართულებების მიღწევის შეფასება;
3. შეიქმნას დამოუკიდებელი მედია პროდუქტები (გადაცემა, თოქ-შოუ და ა.შ.),
რომელიც მიმართული იქნება განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების
თანმიმდევრულ და სიღრმისეულ გაშუქებაზე.
 
კოალიცია უახლოეს მომავალში გეგმავს ზემოთ აღნიშნული კვლევისა და
რეკომენდაციების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო და აღმასრულებელ
საბჭოებთან და გენერალურ დირექტორთან განხილვას.

 

22 December 2016

მეტი განათლებული ქალი საქართველოში





პრეს რელიზი

საზღვაო ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული სოციალური კამპანია,  #მეტიგანათლებულიქალისაქართველოში,  2016 წლის 24 დეკემბრიდან ოფიციალურად აიღებს სტარტს.

კამპანიის მიზანია  ქალების ცნობიერების ამაღლება ფორმალურ და არაფორმალურ განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ვინაიდან განათლება ერთადერთი იარაღია, რომელიც ხელს უწყობს ქალების ფუნდამენტალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და პირდაპირ აისახება მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე, ქალების მიმართ ძალადობის შემცირებაზე. განათლება  საშუალებას აძლევს  ქალებს მიიღონ სწორი და საჭირო ინფორმაცია, გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და შემდგომში   გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებით.

კამპანიის ფოკუსია სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხეების ონკოლოგიური დაავადებით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, ადრეულ ასაკში დაოჯახებით, აბორტებით, ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანით  ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები,  რაც თავის მხრივ განპირობებულია ამ საკითხებზე დაბალი ცნობიერებით, ან გენდერული სტერეოტიპების გამო არსებული ბარიერებით.

აღნიშნულ სოციალურ კამპანიას გამორჩეული ფორმით შემოუერთდა "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის" ხელმძღვანელი პროფესორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე. ბატონმა არსენმა 2010 წელს თავად დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება, მას მიაჩნია რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და სწორედ ამ მესიჯის მატარებელია მის პერსონალური ნახატების გამოფენა, რომელიც 20 დეკემბერს ბრუნდება მილანის გალერეიდან და 29 დეკემბერს ნიუ იორკში, მანჰეტენზე  გამოიფინება! ბათუმში მისი ნახვა მხოლოდ ერთი დღით იქნება შესაძლებელი 24 დეკემბერს 18:00 საათიდან სასტუმრო „ეიფორიაში“ გამოფენა-აუქციონზე.  აუქციონზე გაყიდული ნახატებიდან შემოული თანხის ნაწილი აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მოხმსრდება. ქალბატონებთან მისი პროფესიული ურთიერთობიდან გამომდინარე  კი თვლის რომ განათლება სწორედ ის ინსტრუმენტია რომელიც ქალს ბედნიერების და დედობის შეგრძნების უფრო ლამაზი ფერებით აღქმაში ეხმარება,  შედეგად კი ოჯახი პატარის დაბადებს უფრო მეტად გაცნობიერებული და მომზადებული ხვდება.

ქვევით აღნიშნული აქტივობებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ და უერთდებიან აღნიშნულ კამპანიას.

აქტივობები:
  • 24 დეკემბერს  ბათუმელი და თბილისელი  ექიმების მონაწილეობით ფოტოპროექტი სოციალური კამპანიის დასაწყებად.
  • პრეს კონფერენცია ქალაქ ბათუმში და შემდეგ  თბილისში.
  • სტუდენტებთან შეხვედრების 2-3 თვიანი ციკლის დაგეგმვა და კვირაში ერთხელ წარმატებულ ქალებთან შეხვედრების ორგანიზება
  • სტაჟირებების ხელშეწყობა იმ დაწესებულებეში სადაც ქალებს უკავიათ ხელმძღვანელი პოზიციები.

მხარდამჭერები:
"ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა"
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“
კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო”

პატივისცემით
საზღვაო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია



15 December 2016

კოალიციის განცხადება "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

კოალიციის წევრი ორგანიზაციების სახელით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას. გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სკოლების მართვისა და რეგულირებისადმი დიფერენცირებულ მიდგომასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც კოალიციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენს მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა პოლიტიკის დოკუმენტი "დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში", რომელიც მოიაზრებს განსხვავებული შესაძლებლობისა და მოტივაციის სკოლებისათვის განსხვავებული მიდგომის პრინციპს. დოკუმენტის განხილვა და კონცეფციის ადვოკატირების კამპანია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადავიდა. დიფერენცირების მიდგომა  კონცეპტუალურად გაზიარებულ იქნა განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ვთვლით, რომ შემოთავაზებული ცვლილება ქმნის ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოს ამ რეფორმის განხორციელებისათვის და ამავდროულად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ მომდევნო ეტაპზე გაგრძელდეს სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის დიალოგი მოცემული კონცეფციისა და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე რეფორმის ეფექტიანად განხორციელების კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებისათვის.

ჩვენ ვემხრობით, რომ ყველა ცვლილება ეფუძნებოდეს თანასწორობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპებსა და სულისკვეთებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საკითხი (ბრენდირების, დისციპლინარული დევნის, დაფინანსების და სხვა) ბადებს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან არ მომხდარა აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და წინასწარი განხილვების ორგანიზება. ვიმედოვნებთ, რომ საკომიტეტო განხილვის პროცესი წარიმართება მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მონაწილეობის პრინციპების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დამატებითი ინფორმაციის მიღება და კონკრეტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.    

24 November 2016

განათლების ახალი ხედვა: განათლება 2030 - ინჩიონის დეკლარაცია


2015 წლის 19-22 მაისს კორეის რესპუბლიკამ ინჩიონში უმასპინძლა განათლების მსოფლიო ფორუმს, რომლის ჩატარებასაც ორგანიზება გაუწიეს იუნესკომ უნისეფთან ერთად, მსოფლიო ბანკმა, გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდმა, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამამ, გაერთიანებული ერები ქალებმა და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა სააგენტომ. 160 ქვეყნის 1600-ზე მეტმა მონაწილემ, მათ შორის 120-ზე მეტმა მინისტრმა, დელეგაციის ხელმძღვანელებმა და წევრებმა, სამსახურების უფროსებმა და მრავლმხრივი და ორმხრივი ორგანიზაციების ოფიციალურმა პირებმა, და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, პედაგოგიური პროფესიის, ახალგაზრდების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინჩიონის დეკლარაცია განათლება 2030-თან დაკავშირებით, რომელიც აყალიბებს განათლების ახალ ხედვას მომდევნო 15 წლის მანძილზე.
დეკლარაციის სრული ვერსია იხილეთ აქ  - goo.gl/pfnbEq

07 September 2016

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადებას ავრცელებს

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/395644-koalicia-qganathleba-yvelasathvis-saqarthveloq-s-tsevri-organizaciebis-ganckhadeba.html

12 July 2016

მრგვალი მაგიდა "აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი"

8 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, გაიმართა მრგვალი მაგიდის მეორე შეხვედრა "აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, კოალიციაში "განათლება ყველასათვის-საქართველო" შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი განათლების სფეროში პოლიტიკის რეკომენდაციების გაცნობა და პარტიებს შორის ერთიანი პლატფორმის ფორმირების შესაძლებლობის შესახებ დისკუსია.
კოალიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ზოგადი განათლების საკვანძო საკითხების მონაცემები, სხვადსხვა კვლევების შედეგები და წარუდგინეს საკუთარი რეკომენდაციები.
დისკუსია შეეხებოდა ზოგადი განათლების დაფინასებას, რესურსების განაწილებას და მცირეკონტიგენტიან სკოლებს.
კოალიციის გზავნილები, რომელიც ეხება დაფინასების გაზრდას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანმიმდევრულ პოლიტიკას და სკოლების ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის გატარებას, ძირითადში, მისაღები აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის. განსხვავებულია ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ხედვა რამოდენიმე პრინციპულ საკითხზე.
კოალიცია გააგრძელებს კონსულტაციებს განათლების თემაზე პოლიტიკურ პარტიებთან.









 
   

28 April 2016

მრგვალი მაგიდა "აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი"

26 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო და ნიდერლანდების მულტიპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდა "აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი", რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურმა პარტიებმა და განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს განათლების საკითხებზე მხარეებს შორის შესაძლო თანამშრომლობის  შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, განათლების და მეცნიერების, როგორც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტის, შესაბამისად წარმოჩენას და სამოქალაქო თანხმობის ფორმირებას განათლების ძირეული საკითხების ირგვლივ. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მინაწილეობას იღებდა რვა პოლიტიკური პარტია. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმმადგენლები.
სამუშაო შევხედრამდე რამოდენიმე ხნით ადრე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დაეგზავნათ ელექტრონული კითხვარი, რამაც ერთის მხრივ, პარტიებს საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და მიდგომები განათლების და მეცნიერების საკვანძო საკითხების მიმართ და ასევე, მოწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დიალოგის პროცესის წარმართვაში.
მრგვალი მაგიდის მსველობისას კოალიციამ წარმოადგინა კითხვარის შეჯამებული ანგარიში.
პასუხებიდან გამომდინარე, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჯარო განათლების სისტემა სრულად უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური და რელიგიური ჩარევისაგან.
გამოკითხული პარტიების ნახევარი ამბობს, რომ პარტიის პლატფორმიდან გამომდინარე, განათლება იქნება მთავარი პრიორიტეტი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ნაწილისთვის კი ის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ყველა პარტია თანხმდება, რომ განათლების სისტემის არსებული დაფინანსება არასაკმარისია გამოწვევების დასაძლევად, თუმცა, პარტიების უმრავლესობას დაფინანსების მოცულობის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტების გადანაწილების გზით მიაჩნია შესაძლებელი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით მიიღწევა. მხოლოდ ორი პარტია ფიქრობს, რომ განათლების დაფინასების გაზრდა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი ზრდის შედეგი უნდა იყოს.  
პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების დაფინანსების წილი მშპ-თან მიმართებაში გარკვეული დროის მანძილზე სულ მცირე 1.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებული დაფინასება არ ნაწილდება მართებულად.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია სისტემის დეცენტრალიზაციის მომხრეა, აქედან ხუთ პარტიას ნაწილობრივი და ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია მიაჩნია მართებულად, ორი პარტია კი სრული დეცენტრალიზაციის იდეას იზიარებს.
პარტიების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ განათლების განვითარების ხედვა უნდა იყოს თანმიმდევრული, შეთანხმებული და გრძელვადიანი, რომელიც არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ხელისუფლების ცვლილებებზე და პოლიტიკურ რყევებზე.
პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობსთან დაკავშირებით და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების განვითარებისა და გაძლიერების თაობაზე.
გარდა გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირებული პასუხებისა, დისკუსიის პროცესში პარტიების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ხედვა ისეთი თემატურ და სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის მანძილზე სწავლა, სკოლების ინსტიტუციური განვითარება, უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა განათლებასთან მიმართებაში, განათლების მრავალფეროვნება, სკოლამდელი განათლების პრიორიტეტულობა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის მომდევნო ეტაპის და მისი ფორმატის შესახებ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობაზე. პარტიების მხრიდან აღინიშნა, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით, უმჯობესი იქნება, თუკი კოალიცია ფასილიტაციას გაუწევს უფრო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს, რომელიც მეტად წარმომადგენლობითი გახდება და პოლიტიკური პარტიების გარდა, მასში ჩაერთვებიან მედიის წარმომადგენლები, განათლების და მის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან დაკავშირებით შეთანხმდენ, რომ კოალიცია ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს ფორმატს, რომლის მხარეებთან შეჯერების შემდეგ მოამზადებს მომდევნო, უკვე კონკრეტულ თემატურ შეხვედრას.
ამგვარი თანამშრომლობის საბოლოო მიზანია განათლების თემის აქტუალიზაცია როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ დღის წესრიგში  და განათლების ძირეულ საკითხებზე საზოაგდოებრივი თანხმობის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს განვითარების გრძელვადიანი, თანმიმდევრული და შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბებას.      












                   

14 March 2016

კონფერენცია „სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით 2016 წლის 10-11 მარტს გაიმართა ორდღიანი კონფერენცია "სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი".  
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ხარსიხიანი სასკოლო განათლების, როგორც სახელმწიფოს განვითარების საფუძვლის მნიშვნელობის ხაზგასმა და აქედან გამომდინარე, კონფერენციის ძირითადი თემები ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში სასკოლო განათლების წამმართველი როლის გაძლიერებას, ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის, სკოლის მასწავლებლების მნიშვნელობის ამაღლების სტრატეგიულ საკითხებს. 
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა სკოლის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების აუცილებლობაზე და ამ ჭრილში მიმოიხილა კოალიციის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი "დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში", რომელიც გულისხმობს სკოლების მართვისა და დაფინანსების საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან  უნიფიცირებული მიდგომის ნაცვლად, დიფერენცირებული პოლიტიკის გატარებას სკოლის კონტექსტიდან გამომდინარე. დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1WWdfd0p6NHMzQzA/view 



21 December 2015

სკოლების დაფინანსების და მართვის ახალი კონცეფცია და მედია დაჯილდოება

17 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველოს წლის შემაჯამებლი კონფერენცია და კოალიციის მიერ ინიცირებული მედია კონკურსის "აირჩიე განათლება" გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საზოგადოებრივი სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე კოალიციამ წარადგინა სიმონ ჯანაშიას და რევაზ აფხაზავს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი "დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში" (დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1WWdfd0p6NHMzQzA/view?usp=sharing), რომელიც ეფუძნება ხედვას, რომ სკოლების ინსტიტუციური განვითარებისთვის და შესაბამისად, ხარისხიანი ზოგადი განათლების მისაღწევად, სახელმწიფომ უნიფიცირებული მიდგომის ნაცვლად უმჯობესია შეიმუშაოს სკოლების მართვის და დაფინანსების დიფერენცირებული პოლიტიკა, სადაც გათვალისწინებული იქნება სკოლების ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ილიაუნის მოწვეულმა პროფესორმა, განათლების ექსპერტმა გიორგი გახელაძემ. მომავალში კოალიცია გეგმავს ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას და მისი რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.












გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, კოალიციამ საზოგადოებას წარუდგინა 2015 წლის მანძილზე მომზადებული რამოდენიმე კვლევის ანგარიში:

"ზოგადი განათლების დაფინანსება საქართველოში", ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა ჩახაია კოალიციასთან განათლება ყველასათვის - საქართველო თანამშრომლობით
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1ZHMtWUxadURXdWc/view?usp=sharing,
 "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2016) განათლების ნაწილის შეფასება", განათლების სპეციალისტი რუსუდან ჭანტურია კოალიციასთან განათლება ყველასათვის - საქართველო თანამშრომლობით
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1UjJWT3h0WE94aEE/view?usp=sharing







"განათლების სფეროს გაშუქება მედია საშუალებებში", კომპანია ACT კოალიციასთან განათლება ყველასათვის - საქართველო თანამშრომლობით
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1UjJaNS1DN2ZnTlk/view?usp=sharing   









კონფერენციის მეორე ნაწილში გაიმართა განათლების თემაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის "აირჩიე განათლება" გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება. კონკურსის მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს, ნომინაციაში "2015 წლის საუკეთესო პუბლიკაცია" სტატიისთვის მთავარი გამოწვევა ინკლუზიური განათლებისთვის - ხარისხის უზრუნველყოფა (http://liberali.ge/articles/view/19636/mtavari-gamotsveva-inkluziuri-ganatlebistvis--khariskhis-uzrunvelyofa-) და მარიკა დუდუნიას და ნათია ზარდიაშვილს ნომინაციაში "2015 წლის საუკეთესო ტელესიჟეტი" ჟურნალისტური მოკვლევისთვის წარსულში ჩარჩენილი სამხატვრო აკადემია (https://www.youtube.com/watch?v=PtBfZ8jetaw). სამახსოვრო პრიზები კვალიფიციური ტელესიუჟეტების მომზადებისთვის გადაეცათ ტელეჟურნალისტებს თამარ ილურიძეს და ირმა ზოიძეს. 






















04 November 2015

განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩო ოფიციალურად დამტკიცდება და ამოქმედდება

2015 წლის 4 ნოემბერს პარიზში, იუნესკოს შტაბბინაში, იუნესკოს 38-ე გენერალურ კონფერენციასთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებაზე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს და ამოქმედდეს განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩო.    მოქმედების ჩარჩო ქვეყნებისთვის წარნოადგენს გზამკვლევს, თუ როგორ განახორციელონ 2030-ის პროგრამა. ის მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული მხარის მობილიზებას განათლებასთან დაკავშირებული ამბიციური მიზნების და ამოცანების შესასრულებლად, და სთავაზობს პროგრამის განხორციელების, კოორდინირების, დაფინანსების და გადახედვის გზებს როგორც ადგილობრივ და ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე - იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყოს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ყველასათვის.  
მოქმედების ჩარჩო შემუშავებულია ხანგრძლივი და წარმომადგენლობითი საკონსულტაციო პროცესის შედეგად, რომელიც საბოლოო სახით აისახა ინჩეონის დეკლარაციაში, სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში გამართულ მსოფლიო განათლების ფორუმზე 2015 წლის მაისში.
გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე წევრმა ქვეყნებმა ოფიციალურად მიიღეს 2030-ის პროგრამა, რითაც ვალდებულება იკისრეს "უზრუნველყონ ინკლუზიური და სამართლიანი ხარისხიანი განათლება ყველა დონეზე - სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი, პროფესიული და არაფორმალური სწავლება" და ხაზი გაუსვეს, რომ "ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობაზე". ეს პროგრამა შედგება 17 მდგრადი განვითარების გლობალური მიზნისაგან, რომელთაგანც მე-4 მიზანი განათლებას ეხება და მოიცავს განათლება 2030-ის მიერ დასახულ მიზნებს.
მიუხედავად ბოლო 15 წლის მანძილზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა განათლება ყველასათვის და განათლებასთან დაკავშირებული ათასწლეულის განვითარების მიზნები შეუსრულებელი დარჩა. განათლება 2030, მიმდინარე და ახალ გამოწვევებთან ერთად, ამ მიზნების შესრულებასაც მოიცავს.
4 ნოემბრის შეხვედრა თავს უყრის მინისტრებს, სამთავრობო დელეგაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო სააგენტოების ხელმძღვანელებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მასწავლებლებს, ახალგაზრდებს და კერძო სექტორს - რომლებიც ერთად მიიღებენ განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩოს.
ღონისძიების დამთავრებისთანავე ოფიციალურად გამოვა გამოცემა: "განათლების გადახედვა: საერთო გლობალური სიკეთისკენ?" . პუბლიკაცია მოიცავს განათლება 2030-ის ხედვასა და პრინციპებს და ასევე, მოუწოდებს საჯარო პოლიტიკის დიალოგისკენ განათლების მიზნის გარშემო.


19 October 2015

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტის დამტკიცების თაობაზე:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/350263-sazogadoebrivi-organizaciebis-ghia-tserili-sagnis-qme-da-sazogadoebaq-standartis-damtkicebasthan-dakavshirebith.html

05 October 2015

5 ოქტომბერი - მასწავლებლის საერთაშორისო დღე

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო ულოცავს პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

კოალიცია აცნობიერებს და აღიარებს მასწავლებლის განსაკუთერებულ მნიშვნელობას როგორც მსოფლიოს მდგრადი განვითარების პროგრამის, ასევე განათლების ეროვნული მიზნების შესრულებაში და, თავის პარტნიორებთან ერთად, ულოცავს საქართველოს პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და უცხადებს მხარდაჭრას მათ ურთულეს საქმიანობაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება, რომელიც ეფუძნება განათლებული, აქტიური მოქალაქის აღზრდას შეუძლებელია მიღწეულ იქნეს კვალიფიცირებული, მოტივირებული მასწავლებლის გარეშე, რომლის საქმიანობაც აღიარებული და დაფასებულია საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ. 

ამ პრინციპებიდან გამომდინარე, კოალიცია, რომელშიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შედიან საქრთველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი და მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციები, დაარსების დღიდან საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიმართულებად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ადვოკატირებას მიიჩნევს.

გვჯერა, რომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის“ სქემის ამოქმედება თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს პედაგოგებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ სქემის იმპლემენტაციის მონიტორინგს და მხარდაჭერას. იმედს ვიტოვებთ, რომ სქემის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მასწავლებლების შემოსვლას პროფესიაში და პედაგოგის საქმიანობა რეალურად დაფასებული გახდება ჩვენს ქვეყანაში.  

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო კიდევ ერთხელ ულოცავს პედაგოგეგბს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, უსურვებს მათ სქემაში წარმატებით ჩაბმას და პროფესიული მიზნების ეფექტიან განხორციელებას.      


24 September 2015

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადებას ავრცელებს


ბოლო დროს, საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ, სამოქალაქო განათლების და კერძოდ, საგნის "მე და საზოგადოების" წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
განცხადების სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/346602-koaliciis-g
anathleba-yvelasathvis-saqarthvelo-ganckhadeba.html

21 September 2015

გლობალური კამპანია განათლებისთვის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

18-19 სექტემბერს რეგიონალური ტურის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ფონდ გლობალური პარტნიორობა განათლებისთვის (GPE) საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) ვიცე პრეზიდენტი და გამგეობის წევრი რეფატ საბა და ამავე ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი გრანტ კასოვანიეტე.
გლობალური კამპანია განათლებისთვის სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობაა, რომელშიც გაწევრიანებულია 100-მდე საერთაშორისო და ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაცია (კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო, მათ შორის). ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში და ადვოკატირება გაუწიოს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას მსოფლიოში.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს ბ-ნ გიორგი მაჩაბელს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ქ-ნ ლია გიგაურს.
შეხვედრებზე სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი იყო განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმებზე, რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობის ხარისხზე და განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ქვეყნისთვის შესაძლო ფინანსური დახმარების გამოყოფის ადვოკატირების მიზნით, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, გლობალური პარტნიორობა განათლებისთვის ფონდთან (GPE).  
ასევე, საქართველოში ვიზიტისას, გლობალური კამპანია განათლებისთვის წარმომდგენლებმა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები გამართეს კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო წევრებთან, სადაც განიხილეს კოალიციის განვითარების გრძელვადიანი გეგმა და სტრატეგიული ამოცანები.