18 November 2014

14 November 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს პოზიციის დოკუმენტი

13 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე კოალიციამ წარადგინა პოზიციის დოკუმენტი "რეკომენდაციები ზოგადი განათლების პოლიტიკის განვითარებისთვის".
დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით:
https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1TFF4a29RN3lKbHM/edit








კონფერენცია "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის"

13 ნოემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველომ გამართა კონფერენცია "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის", სადაც წარმოდგენილი იყო კოალიციის პოზიციის დოკუმენტი და მასში შემავალი რეკომენდაციები მასწავლებეთა პროფესიული ასოციაციების და სკოლის სამეურვეო საბჭოების განვითარების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები.
კონფერენცია გახსნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა რევაზ აფხაზავამ. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კოალიციის საქმიანობის და ჩატარებული კვლევის შესახებ. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, რომელიც კოალიციაში წარმოადგენს ამ ორგანიზაციას მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა განათლების ინტერნაციონალის პოზიცია და ხედვა მასწავლებელთა საჭიროებებზე "განათლება ყველასათვის" და "ათასწლეულის განვითარების მიზნების" პროგრამებთან და 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ განათლების ინტერნაციონალი ჩართულია ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი პრობლემის ანალიზი და რეკომენდაციები, რომელიც ასახულია კოალიციის პოზიციის დოკუმენტში, ეფუძნება ჩატარებული ფოკუს ჯგუფების და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილების კვლევის ანალიზს, რომელიც განახორციელეს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა - ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ (მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკაზე) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (სკოლის სამეურვეო საბჭოებზე).
მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკის პრეზენტაცია წარმოადგინა ირინა კიკვაძემ (ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება), სკოლის სამეურვეო საბჭოებზე ისაუბრეს რევაზ აფხაზავამ და თამუნა ბრეგვაძემ (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი). პრეზენტაციების შემდეგ, ორივე საკითხზე გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტია განვითარებული საგნობრივი ასოციაციების როლი, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს და წამახალისებელ მექანიზმს შესთავაზებს სახელმწიფო ასეთი ასოციაციების განვითარებას, ინიციატივა და მოთხოვნა მათი შექმნისა მასწავლებლებისგან უნდა მოდიოდეს, მხოლოდ გარედან წამოსული დახმარება ან ინიციატივა ვერ გახდება საკმარისი იმისთვის, რომ ასოციაცებმა შეასრულონ ის როლი და ფუნქცია, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ. კოალიციის წარმომადგენლის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ირინა ხანთაძის აზრით, ასოციაციები არ უნდა ჩამოყალიბდნენ მხოლოდ სერვის პროვაიდერებად ტრენინგის ჩატარების კუთხით, არამედ უნდა განვითარდნენ ორგანიზაციებად, რომელთაც ექნებათ უნარი შექმნან საგნის პროფესიონალთა ორგანიზებული ქსელი, სადაც მოდხება პროფესიული გამოცდილების გაზიარება, განახორციელონ საგნის ადვოკატირება და მონაწილეობა მიიღონ შეფასების პროცესში, გრიფირებული სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების შექმნაში, პოლიტიკის შემუშავებაში და სხვა.
სკოლის სამეურვეო საბჭოებზე საუბრისას თამუნა ბრეგვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამეურვეო საბჭო არ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ცალკე აღებული სტრუქტურა, მისი აღქმა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ინტერვენციები უნდა არსებობდეს სკოლის ერთიან კონტექსტში - პედაგოგიურ საბჭოსთან, ადმინისტრაციასთნ, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, თემთან პარალელში და შესაბამისად, კონტექსტიდან გამომდინარე, მიდგომებიც სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში დიფერენცირებული უნდა იყოს. ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სამეურვეო საბჭოებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა და ინსტრუმენტები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს - არ შეიძლება ხედვა იყოს ერთი, ცენტრალიზებული ან დეცანტრალიზებული, ხოლო ინსტრუმენტები კი პირიქით, რადგან ამგვარი მოდელი მეტწილად წარუმატებელია. არსებული სამეურვეო საბჭოების არაეფექტურობის ერთ-ერთ მიზეზად მან ესეც დაასახელა.
კონფერენციის დასასრულს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ცენტრის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამინისტროს წარმომადგენლები და ჩამოაყალიბებენ ერთიან ხედვას, თუ როგორი პოლიტიკა და მასტიმულირებელი მექანიზმები შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს ამ მიმართულებებით.
კონფერენცია 3 საათს გაგრძელდა.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციის სანახავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერზე გადადით ბმულზე:
 http://www.mes.gov.ge/content.php?id=5426&lang=geo












 
   

13 November 2014

რევაზ აფხაზავა რადიო თავისუფლების გადაცემაში "დღეს დილით"

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა სტუმრად იმყოფებოდა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში, სადაც ისაუბრა კოალიციის მიერ 13 ნოემბერს დაგეგმილი კონფერენციის "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის" შესახებ. 
მასალის გასაცნობად ისარგებლეთ ბმულით: 
http://www.radiotavisupleba.ge/content/revaz-apkhazava-zogad-ganatlebaze/26689544.html






03 November 2014

ფოკუს ჯგუფების კვლევა პედაგოგთა პროფესიული ასოციაციების გაძლიერებასთან დაკავშირებით

ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ, პროექტის ფარგლებში, განახორციელა ფოკუს ჯგუფების კვლევა რეკომენდაციების შესამუშავებლად სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით, საქართველოს 8 რეგიონში (თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ჩატარდა 18 ფოკუს ჯგუფის დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 81 სკოლის დირექტორმა და 99 მასწავლებელმა, მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების წარმომდგენლებმა. ფოკუს ჯგუფები თითოეულ რეგიონში ჩატარდა ორ ჯგუფად - მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვის (8-9 წარმომადგენელი ჯგუფში).
ფოკუს ჯგუფების ჩანაწერების გაშიფვრის და ანალიზის შემდეგ, ორგანიზაციამ რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე (რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები) განახორციელა კვლევა და გაანალიზა სახელმწიფოს პოლიტიკა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და პროფესიული ასოციაციების გაძლიერების მხარდაჭერის კუთხით.
ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგების და განხორციელებული კვლევის საფუძველზე ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელშიც ასახულია კვლევის საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
აღნიშნული რეკომენდაციები ინტეგრირებულია კოალიციის პოზიციის დოკუმენტში, რომლის წარდგენაც მოხდება კოალიციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე 2014 წლის 13 ნოემბერს. 



31 October 2014

ექსპერტთა რეკომენდაციები სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გასაძლიერებლად

30 ოქტომბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს მიერ წარმოებული პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია განათლების სფეროს ექსპერტთა მონაწილეობით სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესამუშავებლად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილიუნის ასისტენტ პროფესორი სიმონ ჯანაშია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტანტი გიორგი გახელაძე, ამავე ცენტრის განათლების პროგრამის მართვის კოორდინატორი მაია ბიწაძე, 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი, ამავე სკოლის სამურვეო საბჭოს თავმჯდომარე მაგდა ჯანელიძე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს გამგეობის წევრები და სხვები.
შეხვედრას წინ უძღოდა კოალიციის წევრი ორგანიზაციის, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ფოკუს ჯგუფების კვლევა და გამოკითხვის შედეგად მომზადებული ანალიზი. ფოკუს ჯგუფების დისკუსია საქართველოს 9 რეგიონში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეურვეო საბჭოების წევრი პედაგოგები და მშიბლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.თითოეული ფოკუს ჯგუფი 25 ადამიანისგან იყო დაკომლექტებული.
შეხვედრა გახსნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა რევაზ აფხაზავამ. მან, განათლების ექსპერტ თამარ ბრეგვაძესთან ერთად მიმოიხილა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევის შედეგები და შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც გამოვლენილ იქნა ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა პასუხების ანალიზის საფუძველზე.
შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. მონაწილე ექსპერტებმა განიხილეს წარმოდგენილი მასალა, იმსჯელეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები. სიმონ ჯანაშიას აზრით, კარგი იქნება, თუ შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციები და გამოვლენილი პრობლემები, კოალიციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებთან ერთად, დაიყოფა კატეგორიებად - კულტურულ, სოციალურ, სტრუქტურულ და ა.შ და აქედან გამომდინარე შემუშავდება ინტერვენციის გზები.
შეხვედრის დასასრულს, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა, თამარ ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ მიღებული რეკომენდაციები დამუშავდება და აისახება კოალიციის პოზიციის დოკუმენტში, რომლის წარდგენაც მოხდება 13 ნოემბერს კოალიციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.  





30 October 2014

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა

2014 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მე-7 საანგარიშო საარჩევნო ყრილობა.
ყრილობის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1Z0VLQjZmd3Q0dnc/edit







23 October 2014

სადისუსიო შეხვედრა კოალიცია განათლება ყველასათვის საქართველოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის

17 ოქტომებერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში  კოალიციაში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ქ-ნ ლია გიგაურს. კოალიციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის რეგულარულ სადისკუსიო შეხვედრებს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე.
17 ოქტომბრის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს კოალიციის მიერ 13 ნოემბერს დაგეგმილი კონფერენციის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება კოალიციის პოზიციის დოკუმენტი და რეკომენდაციები პედაგოგთა პროფესიული ასოციაციების განვითარებასთან და სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ქ-მა ლია გიგაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული ასოციაციების განვითარების აუცილებლობაზე, ხაზი გაუსვა ასოციაციების როლს პედაგოგთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენის და შეფასების კონტექსტში. მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან ასოციაციების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგან, ეჭვგარეშეა, რომ ძლიერი და ქმედითუნარიანი საგნის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.




     

22 October 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს განცხადება

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო ავრცელებს განცხადებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით.
განცხადების სანახავად იხილეთ ბმული:https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1NFBDOXlpdDFMNGs/edit
 

30 September 2014

საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი

მიმდინარეობს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დასკვნითი სტადია. განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე, შესარჩევი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოში შემავალი ორგანიზაციების - განათლების დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის წარმომადგენლები.

02 September 2014

განათლება ყველასათვის

2008 წელს გლობალურმა პარტნიორობამ განათლებისთვის დაიწყო გლობალური კამპანია განათლებისთვის დაფინანსება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კოალიციური მოძრაობაა.
ამ მიზნით გლობალურმა კამპანიამ განათლებისთვის დაარსა სამოქალაქო საზოგადოების განათლების ფონდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უშუალოდ აფინანსებს ქვეყნების შიდა კოალიციურ პროექტებს განათლების სფეროში. პროგრამა ფოკუსირებას ახდენს ეროვნული კოალიციების შექმნასა და გაძლიერებაზე, რათა ისინი უფრო ეფექტურად იყვნენ ჩაერთულნი განათლების სფეროს განვითარებაში, ადვოკატირების პროცესში და ხელი შეუწყონ განათლება ყველასათვის მიზნების შესრულებას თავიანთ ქვეყნებში.
მიმდინარე პროექტი, რომელსაც კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო ახორციელებს, განათლება ყველასათვის მესამე და მეექვსე მიზნებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დახვეწაზე, სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებაზე, ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაზე საქართველოს სკოლებში და კოალიციური მუშაობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაზე სამოქალაქო საზოგადოების მეტი და ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად განათლების სფეროში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამას კოორდინირებას და ტექნიკურ დახმარებას უწევს გლობალური კამპანია განათლებისთვის.





   

10 August 2014

ინკლუზიური სწავლების საჯარო სკოლებში ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ანგარიში

განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად საქართველოში, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ჩაატარა  სახელმწიფო ინკლუზიურ პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის მონიტორინგი. პროექტს აფინანსებს სამოაქლაქო საზოგადოების განათლების ფონდი. 
ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე: https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1U3JPZTJjMTN0d1k/edit

09 August 2014

ტრენინგი " წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია"

5, 6 და 7 აგვისტოს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს წევრი ორგანიზაციებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი "წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია". ტრენინგს უძღვებოდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ასოცირებული ტრენერი ქ-ნი ბუბა ცირეკიძე.
აღნიშნული ტრენინგი გამიზნულია წარმატებული ადვოკატირების სტრატეგიის და ტაქტიკის შესამუშავებლად, მისი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ტრენინგი კურსი მომზადებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის ჩინელი მხედართმთავრის, სტრატეგისა და ტაქტიკოსის სუნ ძის ნაშრომის "ომის ხელოვნების" მიხედვით. ძველი ჩინეთის შვიდ კლასიკურ სამხედრო ტრაქტატს შორის "ომის ხელოვნება" ყველაზე გავრცელებული და მეტი გავლენის მქონე ნაშრომია. სუნ ძის სისტემას ფართოდ იყენებენ თანამდეროვე ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის.
ტრენინგის პროცესში მონაწილეებმა განიხილეს თეორიული საკითხები და რეალური ქეისის საფუძველზე განახორციელეს ადვოკატირების კამპანიის მოდელირება, რომელიც სტრატეგიის ხუთივე ეტაპს მოიცავდა.






 

15 July 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს საჯარო პრეზენტაცია

4 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს საჯარო პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არაარასამთავრობო სექტორის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეკრებილ სტუმრებს მიესალმა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი  დირექტორი ქ-ნი ირინა ხანთაძე.
კოალიციის გამგეობის თავმჯომარის, ბ-ნი გიორგი მაჩაბელის პრეზენტაცია ეხებოდა კოალიციის მიმდინარე საქმიანობას და მომავალ გეგმებს. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა ბ-მა რევაზ აფხაზავამ წარმოადგინა მოკლე ანგარიში ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესახებ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების სააგენტოს ორგანიზებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტის შესამუშავებლად.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-მა ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კოალიციის ჩამოყალიბება, რადგან ხშირად, დონორის მიერ დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები არაკოორდინირებულად მოქმედებენ და აქედან გამომდინარე, შედეგი გაცილებით მცირეა, ვიდრე შეიძლება იყოს კოორდინირებული ქმედებისას.
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა არაფორმალურ ვითარებაში გადაინაცვლეს.




04 July 2014

სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროში

გუშინ, 3 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახლებური კონცეფცია; მასწავლებლის პროფესიული განვითარების, პროფესიაში შესვლის და კარიერული ზრდის ახალი სქემა; მასწავლებლის დასაქმების (შერჩევის) სისტემა სკოლაში;
შეხვედრას უძღვებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. განხილვაში მონაწილეობდნენ კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და განათლების სფეროს ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სქემა მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომლის გარშემოც დაიწყო განხილვები და დასრულებულ დოკუმენტად ის ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც პროცესში ჩართული აქტორები მოცემული სქემის საფუძველზე წარმოადგენენ თავიანთ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც შეჯერდება სამინისტროსთან.
ქ-მა ლია გიგაურის ინინციატივით, აღნიშნული პროექტის ნარატიული ვერსია დაეგზავნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს და ექსპერტებს. რის შემდეგაც, ერთი კვირის თავზე, ისინი წარუდგენენ სამინისტროს თავიანთ მოსაზრებებს.
სამუშაო შეხვედრები და განხილვები მომავლშიც გაგრძელდება.