17 ოქტომებერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კოალიციაში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ქ-ნ ლია გიგაურს. კოალიციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის რეგულარულ სადისკუსიო შეხვედრებს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე.
17 ოქტომბრის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს კოალიციის მიერ 13 ნოემბერს დაგეგმილი კონფერენციის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება კოალიციის პოზიციის დოკუმენტი და რეკომენდაციები პედაგოგთა პროფესიული ასოციაციების განვითარებასთან და სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ქ-მა ლია გიგაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული ასოციაციების განვითარების აუცილებლობაზე, ხაზი გაუსვა ასოციაციების როლს პედაგოგთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენის და შეფასების კონტექსტში. მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან ასოციაციების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგან, ეჭვგარეშეა, რომ ძლიერი და ქმედითუნარიანი საგნის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.