10 August 2015

კონკურსი "აირჩიე განათლება": წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი განათლების თემაზე

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო აცხადებს კონკურსს 2015 კალენდარული წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად განათლების თემაზე.   

კონკურსში განსახილველად მიიღება 2015 წელს განათლების თემაზე ბეჭვდით ან ელექტრონულ მედიაში გავრცელებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე, რეპორტაჟი), საავტორო რადიო ან ტელე სიუჟეტი.

კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5750 ლარს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:   
საუკეთესო პუბლიკაცია - 2250 ლარი          
საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი/გადაცემა - 2250 ლარი    
საუკეთესო პუბლიკაცია ან ტელე/რადიო სიუჟეტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ (ქართული და უცხოური უნივერსიტეტების თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამების, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლა, ამ პროგრამების/პროექტების გავლენა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ა.შ.),  
Erasmus + ეროვნული ოფისის სპეციალური პრიზი  -  1250 ლარი
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. 

საუკეთესო ნამუშევრებს გამოვლენს კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს გამგეობის და მედიის სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: 
საკითხის აქტუალობა, კვალიფიციური დასაბუთება/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა, შესაბამისობა განათლება ყველასათვის პრინციპებთან.               უპირატესობა მიენიჭება მედია ნამუშევარს, რომელიც არ არის დაფინანსებული მიზნობრივი პროექტის ფარგლებში. 

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე ცამეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში.  განათლება ყველასათვის - საქართველო მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან.      

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1a2ZCck9kYkg1SVE/view?usp=sharing 

შევსებული განაცხადის ფორმა, სადაც მითითებული იქნება კონკურსში წარმოდგენილი მასალის ბმული, გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ნოემბერი.

გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება 2015 წლის დეკემბერში. თარიღი გამოცხადდება დამატებით.   


                                                          გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:                                                                                                                                                                 
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი     
ბექა ურუშაძე                                                                                                                                                         
ტელ.: (577) 980884| 220 6774/75                                                                                                                    
ელ-ფოსტა: beka.urushadze@ctc.org.ge                                                                                                              
მისამართი: . თბილისი, 0186, ოთარ ჩხეიძის 5   
(ყოფილი: ალ. ყაზბეგის გამზ. 34, ნაკვეთი 3)

02 July 2015

დეკლარაცია "აირჩიე განათლება"

დეკლარაცია "აირჩიე განათლება":

https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1X284dGpGTzlreDg/view?usp=sharing

კამპანიის "აირჩიე განათლება" პრეზენტაცია

დღეს, 2 ივლისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" მიერ ინიცირებული კამპანიის "აირჩიე განათლება" საჯარო პრეზენტაცია.
კამპანიისაირჩიე განათლებამიზანია სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში განათლების რეალური პრიორიტეტულობის აღიარების ხელშეწყობა, რაც უნდა გამოიხატებოდეს სფეროს დაფინანსების მნიშვნელოვან ზრდასა და სხვა შესაბამისი მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელიც არ გადაიხედება ხელისუფლების ცვლილების პარალელურად და თავისუფალი იქნება პოლიტიკური თუ კონფესიური გავლენისაგან. ამისთვის აუცილებელია მოცემულ საკითხებზე სამოქალაქო თანხმობის ფორმირება და საზოგადოებრივი მოთხოვნის გაზრდა ხარისხიანი განათლების ხელმისწვდომობაზე.
პრეზენტაციაზე  კოალიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს კამპანიის მიზანი, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები და წარადგინეს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დეკლარაცია "აირჩიე განათლება", რომელშიც ასახულია განათლების სისტემის განვითარებისათვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. დეკლარაცია მხარდაჭერილია სხვა არასამთავრობობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ.  
პრეზენტაციაზე, გარდა კოალიციის წევრებისა, სიტყვით გამოვიდნენ და კამპანიის მხარდაჭერა გამოხატეს თსუ პროფესორმა, კავშირის "ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის" თავმჯდომარემ ლელა გაფრინდაშვილმა, მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარემ, კლუბ "რა, სად, როდის" მოაზროვნემ ირინა ფრუიძემ და ერასმუს პლიუსის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლიკა ღლონტმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სომნიძე, ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი, განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, მხატვარი/დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი, თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ალუდა გოგლიჩიძე და საზოგადოების სხვა სხვა წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ და მხარს უჭერენ კამპანიის "აირჩიე განათლება" მიზნებს.
პრეზენტაციის ბოლოს, ლელა გაფრინდაშვილის მხარდაჭერით გაიმართა ფოტო გამოფენა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველ განმანათლებლებს ეხება.

დეკლარაციის "აირჩიე განათლება" სანახავად ისარგებლეთ ბმულით:
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1b3JabDROZFJ0c3M/view?usp=sharing








კოალიციის წარმომადგენლები რადიო 1-ის გადაცემა "პიკის საათში"

30 ივნისს კოალიციის წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ რადიო 1-ის გადაცემა "პიკის საათში", სადაც მათ ისაუბრეს კოალიციის მიერ ინიცირებული კამპანიის "აირჩიე განათლება" მიზნებზე და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ნაბიჯებზე.
გადაცემის მოსასმენად ისარგებლეთ ბმულით: http://radio1.ge/ge/videos/view/148247.html

08 June 2015

რევაზ აფხაზავა "ჩაის თემაში"


31 მაისს, კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა სტუმრად იმყოფებოდა "ჩაის თემაში", სადაც განათლების შესახებ ისაუბრა.

ვიდეოს სანახავად ისარგებლეთ ბმულით:
http://videos.tv11.ge/watch.php?vid=8b9fe22bc


02 June 2015

საერთაშორისო კვირეული 2015 - "აირჩიე განათლება"

2015 წლის მაისში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა საერთაშორისო კვირეული "აირჩიე განათლება". "განათლება ყველასათვის" 'დეკლარაციის ფარგლებში, "გლობალური კამპანია განათლებისთვის" მხარდაჭერით ტარდება კვირეული, რომელიც ყოველ წელს განათლებასთან დაკავშირებულ სხვასხვა თემას ეძღვნება.
კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 35 სკოლის მოსწავლე საქართველოს შვიდი რეგიონიდან. სტუდენტებმა რამოდენიმე თემა განიხილეს:

·    მოსწავლეთა მონაწილეობა ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში;
·    თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის (გენდერის, ეთნიკური კუთვნილების, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა განსხვავებების მიუხედავად);
·    დემოკრატია სკოლაში და მოსწავლეთა როლი სასკოლო დემოკრატიის პროცესში;
·     მოსწავლეთა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის  თანამშრომლობა ხარისხიანი განათლებისათვის;
·     მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი ხარისხიანი განათლების ადვოკატირებისათვის;

1-5 ივნისს, კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები თავთავიანთ სკოლებში თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით განახორციელებენ სხვადსხვა აქტივობებს ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობისთვის.
კოფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.









.

09 March 2015

გამოვლინდა კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს მიერ ორგანიზებული მედია კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტი

6 მარტს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის - 2014 წელს განათლების თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის - გამარჯვებულის დაჯილდოება. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად შერჩეულ იქნა ძირითადი კრიტერიუმები - საკითხის აქტუალობა, პრობლემის დასმა/დასაბუთება/ანალიზი და გადმოცემის უნარი/ფორმა.
31 აპლიკანტს შორის საუკეთესოდ დასახელდა რადიო ჰერეთის წარმომადგენლის, გიორგი ალადაშვილის რადიო გადაცემა, ჟურნალისტური მოკვლევა: "ღირსების შემლახავი გარემო 1000-ზე მეტი მოსწავლისათვის".
გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო პრიზი და ფულადი ჯილდო 1000 აშშ დოლარის ოდენობით
რადიო გადაცემის მოსასმენად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით:

http://www.heretifm.com/?13%2F14606%2F&fl=Y2FsZW5kYXIuMjAxNC4wMi45






07 March 2015

91 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ იოჰანესბურგში გლობალური კამპანია (GCE) განათლებისთვის მე-5 მსოფლიო ანსამბლეაზე

"ერთად, ჩვენ ავამაღლეთ ცნობიერება და ვიბრძოდით იმისთვის, რომ განათლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ყოფილიყო აღიარებული; იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ინკლუზიური განათლება და არა-დისკრიმინაცია; მასწავლებლებისთვის და მასწავლებლის პროფესიისთვის; საკმარისი საშინაო და გარე დაფინანსებისთვის; და სამოქალაქო საზოგადოების უფლებისთვის აქტიური მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში ყველა დონეზე" - კამილა კროსო, გლობალური კამპანია განათლებისთვის პრეზიდენტი, 2015 წლის მსოფლიო ანსამბლეის გახსანაზე.
91 ქვეყნის 190 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენენ განათლების უფლებისთვის მებრძოლ სამოქალაქო საზოგადოების კამპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შეიკრიბა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში 23-26 თებერვალს გლობალური კამპანია განათლებისთვის მე-5 მსოფლიო ანსმბლეაზე. გლობალური კამპანია განათლებისთვის წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ორგანიზებულ სოციალურ მოძრაობას და ანსამბლეა მოძრაობისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად, დებატებისთვის და სამოაქალაქო საზოგადოების პოზიციების შესაჯერებლად განათლების ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, და ასევე, ქვეყნებს და რეგიონებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად, რათა მათ გაზარდონ გაერთიანებული ძალისხმევა განათლება ყველასათვის რეალიზებისთვის.
უთანასწორობა და განათლების კომერციზაცია  
ანსამბლეას მსვლელობის პერიოდში მოძრაობას მოხსენებებით მიმართეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განათლების უფლებაზე დოქტორმა კიშორე სინგჰმა, იუნესკოს სამხრეთ აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა პროფესორმა ჰუბერტ გიჟზენმა, განათლება ყველასათვის გლობალური მონიტორინგის ანგარიშის დირექტორმა დოქტორმა აარონ ბენავოტმა და გლობალური კამპანია განათლებისთვის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა კალიაშ სატიართიმ.  

"უარი განათლებაზე ძალადობის ფორმაა" - კალიაშ სატიართი, გლობალური კამპანია განათლებისთვის თანადამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

ღონისძიების მსვლელობისას, გამომსვლელებმა, კალიაშ სატიართიმ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განათლების უფლებაზე დოქტორმა სინგჰმა დაგმეს განათლების მზარდი კომერციზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის თანასწორობას და უარს ეუბნება ბავშვებს და მოზრდილებს მათ უფლებაზე მიიღონ განათლება. კალიაშ სატიართიმ აღნიშნა: " განათლება გახდა პროდუქტი - მათ, ვისაც შეუძლიათ იყიდონ იგი, ყიდულობენ და ისინი, ვისაც მისი გაყიდვა შეუძლიათ ამით ფულს აკეთებენ."

"განათლებამ უნდა გააძლიეროს ღარიბი და ხელი არ უნდა შეუწყოს მზარდ უთანასწორობას საზოგადოებაში" - პროფესორი მარი მეთქალფი, ვითუათერსრანდის უნივერსიტეტი.

"განათლება მდიდრების პრივილეგია ხდება" - კიშორე სინგჰი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი განათლების უფლებაზე.

როგორც განათლება ყველასათვის გლობალური მონიტორინგის ანგარიშის დირექტორმა დოქტორმა ბენავოტმა შენიშნა, განათლება ყველასათვის მიზნებზე 2000 წელს დაკარში მიღწეული შეთანხმება არის მიზეზი იმისა, რომ 56 მილიონი ბავშვი დღეს სკოლაში სწავლობს, თუმცა, შეჩერებულ პროგრესს უკანასკნელ პერიოდში მივყავართ იქამდე, რომ ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის როგორც განათლება ყველასათვის, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებისგან. მაგალითად, აფრიკაში ქალების 45%-ს წართმეული აქვს წერა-კითხვის ცოდნის უფლება, ხოლო იმ ბავშვებიდან, რომლებიც პირველ კლასში შევიდნენ, მხოლოდ 56% ამთავრებს საბაზო საფეხურს.  


განათლების მოძრაობის პრიორიტეტები

დელეგატებმა ოთხდღიანი ღონისძიების დიდი ნაწილი დაუთმეს დებატებსა და დისკუსიებს განათლების მოძრაობის პრიორიტეტებზე, როგორც უახლოესი მომავალის კონტექსტში - მოახლოებულ განათლების მსოფლიო ფორუმზე სამხრეთ კორეაში და გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე ნიუ იორკში-ასევე, მომდევნო ოთხი წლის გლობალური კამპანია განათლებისთვის სტრატეგიულ გეგმასთან მიმართებაში. მოძრაობის ძირითადი სტრატეგიული ფოკუსი 2015-2019 წლებში იქნება ხარისხი, თანასწორობა, ფინანსირება, საჯარო სისტემები, სახელმწიფოს როლი, გამჭირვალეობა, მოქალაქეების მონაწილეობა და განათლება კონფლიქტების და უბედურების ზონებში.



ანსამბლეას მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო.

ანსამბლეას დახურვის შემდეგ, 27-28 თებერვალს გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების განათლების ფონდის სამუშაო შეხვედრები იმ კოალიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული ფონდის ხელშეწყობით ახორციელებენ პროექტულ საქმიანობებს.






15 January 2015

კონკურსი განათლების თემაზე 2014 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის







                                             კონკურსი

წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი განათლების თემაზე 

                      კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო აცხადებს კონკურსს 2014 კალენდარული წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად განათლების თემაზე. კონკურსში განსახილველად მიიღება 2014 წელს განათლების თემაზე ბეჭვდით ან ელექტრონულ მედიაში გამოსული პუბლიკაცია (სტატია, ესსე, რეპორტაჟი), საავტორო რადიო ან ტელე სიუჟეტი.

კონკურსში გამარჯვებულისთვის კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს მიერ დაწესებულია ჯილდო 1000 აშშ დოლარისა და სამახსოვრო პრიზის სახით. 

საუკეთესო ნაშრომს გამოვლენს კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს გამგეობის წევრებისაგან დაკომპლექტებული ჟიური.  
ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: საკითხის აქტუალობა, კვალიფიციური დასაბუთება/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა.

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე თორმეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში.  განათლება ყველასათვის - საქართველო მოძრაობა გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან.      

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო განაცხადი 2015 წლის 15 თებერვლამდე და საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნონ მითითებულ მისამართზე.
გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება 2015 წლის 6 მარტს.   

განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე:


                                                          გისურვებთ წარმატებებს!                                                                                                                                                                 
საკონტაქტო ინფორმაცია:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
ბექა ურუშაძე
ტელ: 577 980 884   220 6774/75
ელ-ფოსტა:beka.urushadze@ctc.org.ge
მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5
თბილისი 0186
(ყოფილი ალ.ყაზბეგის 34, ნაკვეთი 3)

23 December 2014

კოალიციური მუშაობის ერთი წელი

დოკუმენტის სანახავად ისარგებლეთ ბმულით:
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1YlhTdnUxYW55bnc/view?usp=sharing

16 December 2014

ფოკუს ჯგუფების ანგარიში სკოლის სამეურვეო საბჭოებზე

ამ დოკუმენტის სანახავად ისარგებლეთ ბმულით:

https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1d19wa0xERHpKRGc/view?usp=sharing

25 November 2014

განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები

                     
21 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე "განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები" განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა წარადგინა. განვითარების სტრატეგიის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე სამუშაო ჯგუფებში ჩართული იყვნენ კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს წარმომადგენლები.

კონფერენციის შესახებ ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით:
http://www.mes.gov.ge/content.php?id=5439&lang=geo


18 November 2014

14 November 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს პოზიციის დოკუმენტი

13 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე კოალიციამ წარადგინა პოზიციის დოკუმენტი "რეკომენდაციები ზოგადი განათლების პოლიტიკის განვითარებისთვის".
დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით:
https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1TFF4a29RN3lKbHM/edit








კონფერენცია "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის"

13 ნოემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველომ გამართა კონფერენცია "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის", სადაც წარმოდგენილი იყო კოალიციის პოზიციის დოკუმენტი და მასში შემავალი რეკომენდაციები მასწავლებეთა პროფესიული ასოციაციების და სკოლის სამეურვეო საბჭოების განვითარების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები.
კონფერენცია გახსნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა რევაზ აფხაზავამ. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კოალიციის საქმიანობის და ჩატარებული კვლევის შესახებ. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, რომელიც კოალიციაში წარმოადგენს ამ ორგანიზაციას მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა განათლების ინტერნაციონალის პოზიცია და ხედვა მასწავლებელთა საჭიროებებზე "განათლება ყველასათვის" და "ათასწლეულის განვითარების მიზნების" პროგრამებთან და 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ განათლების ინტერნაციონალი ჩართულია ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი პრობლემის ანალიზი და რეკომენდაციები, რომელიც ასახულია კოალიციის პოზიციის დოკუმენტში, ეფუძნება ჩატარებული ფოკუს ჯგუფების და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილების კვლევის ანალიზს, რომელიც განახორციელეს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა - ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ (მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკაზე) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (სკოლის სამეურვეო საბჭოებზე).
მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკის პრეზენტაცია წარმოადგინა ირინა კიკვაძემ (ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება), სკოლის სამეურვეო საბჭოებზე ისაუბრეს რევაზ აფხაზავამ და თამუნა ბრეგვაძემ (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი). პრეზენტაციების შემდეგ, ორივე საკითხზე გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტია განვითარებული საგნობრივი ასოციაციების როლი, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს და წამახალისებელ მექანიზმს შესთავაზებს სახელმწიფო ასეთი ასოციაციების განვითარებას, ინიციატივა და მოთხოვნა მათი შექმნისა მასწავლებლებისგან უნდა მოდიოდეს, მხოლოდ გარედან წამოსული დახმარება ან ინიციატივა ვერ გახდება საკმარისი იმისთვის, რომ ასოციაცებმა შეასრულონ ის როლი და ფუნქცია, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ. კოალიციის წარმომადგენლის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ირინა ხანთაძის აზრით, ასოციაციები არ უნდა ჩამოყალიბდნენ მხოლოდ სერვის პროვაიდერებად ტრენინგის ჩატარების კუთხით, არამედ უნდა განვითარდნენ ორგანიზაციებად, რომელთაც ექნებათ უნარი შექმნან საგნის პროფესიონალთა ორგანიზებული ქსელი, სადაც მოდხება პროფესიული გამოცდილების გაზიარება, განახორციელონ საგნის ადვოკატირება და მონაწილეობა მიიღონ შეფასების პროცესში, გრიფირებული სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების შექმნაში, პოლიტიკის შემუშავებაში და სხვა.
სკოლის სამეურვეო საბჭოებზე საუბრისას თამუნა ბრეგვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამეურვეო საბჭო არ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ცალკე აღებული სტრუქტურა, მისი აღქმა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ინტერვენციები უნდა არსებობდეს სკოლის ერთიან კონტექსტში - პედაგოგიურ საბჭოსთან, ადმინისტრაციასთნ, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, თემთან პარალელში და შესაბამისად, კონტექსტიდან გამომდინარე, მიდგომებიც სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში დიფერენცირებული უნდა იყოს. ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სამეურვეო საბჭოებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა და ინსტრუმენტები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს - არ შეიძლება ხედვა იყოს ერთი, ცენტრალიზებული ან დეცანტრალიზებული, ხოლო ინსტრუმენტები კი პირიქით, რადგან ამგვარი მოდელი მეტწილად წარუმატებელია. არსებული სამეურვეო საბჭოების არაეფექტურობის ერთ-ერთ მიზეზად მან ესეც დაასახელა.
კონფერენციის დასასრულს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ცენტრის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამინისტროს წარმომადგენლები და ჩამოაყალიბებენ ერთიან ხედვას, თუ როგორი პოლიტიკა და მასტიმულირებელი მექანიზმები შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს ამ მიმართულებებით.
კონფერენცია 3 საათს გაგრძელდა.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციის სანახავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერზე გადადით ბმულზე:
 http://www.mes.gov.ge/content.php?id=5426&lang=geo