პროექტის ფარგლებში, 6 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა შეხვედრა კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს და სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. კოალიციიის წევრმა ორგანიზაციამ მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის წარმოადგინა ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სკოლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობაზე.
მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს 22 საჯარო სკოლაში. მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით. გარდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლებისა, სკოლების წარმომადგენლებისაგან ანკეტის ბოლოს დართული კითხვებით, რომელიც მართალია სცდებოდა მონიტორინგის მიზანს, მონიტორინგის ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციას რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს სკოლაში და რამდენად მოიცავს სკოლის ინკლუზიური პროგრამა სხვადასხვა საჭიროების მქონე შშმ ბავშვებს. სკოლაში შშმ ბავშვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევები და მიზეზები, რამდენად მორგებულია სასწავლო მასალა და ინვენტარი შშმ ბაშვების საჭიროებებზე. მუშავდება თუ არა ინდივიდუალური პროგრამები შშმ ბავშვებისათვის.
ზოგადი შეფასებით, არცერთი ის საჯარო სკოლაც კი, სადაც ინკლუზიური სწავლება დანერგილია, თანაც ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს რეგლამენტს. თითოეული ეს სკოლა, მხოლოდ ნაწილობრივ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის იმ რეგლამენტითაც კი, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არის სრული. გამოიკვეთა, რომ საქართველოში არ არსებობს არამარტო ინკლუზიური განათლებისთვის აუცილებელი სტანდარტები, არამედ, ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტი.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა ნორვეგიული სტანდარტის (უნივერსალური დიზაინის) გადახედვა და საქართველოს რეალობასთან მისი ადაპტირების გზების განსაზრვრა. შედეგად დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისთვის.