2015 წლის 4 ნოემბერს პარიზში, იუნესკოს შტაბბინაში, იუნესკოს 38-ე გენერალურ კონფერენციასთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებაზე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს და ამოქმედდეს განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩო. მოქმედების ჩარჩო ქვეყნებისთვის წარნოადგენს გზამკვლევს, თუ როგორ განახორციელონ 2030-ის პროგრამა. ის მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული მხარის მობილიზებას განათლებასთან დაკავშირებული ამბიციური მიზნების და ამოცანების შესასრულებლად, და სთავაზობს პროგრამის განხორციელების, კოორდინირების, დაფინანსების და გადახედვის გზებს როგორც ადგილობრივ და ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე - იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყოს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ყველასათვის.
მოქმედების ჩარჩო შემუშავებულია ხანგრძლივი და წარმომადგენლობითი საკონსულტაციო პროცესის შედეგად, რომელიც საბოლოო სახით აისახა ინჩეონის დეკლარაციაში, სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში გამართულ მსოფლიო განათლების ფორუმზე 2015 წლის მაისში.
გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე წევრმა ქვეყნებმა ოფიციალურად მიიღეს 2030-ის პროგრამა, რითაც ვალდებულება იკისრეს "უზრუნველყონ ინკლუზიური და სამართლიანი ხარისხიანი განათლება ყველა დონეზე - სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი, პროფესიული და არაფორმალური სწავლება" და ხაზი გაუსვეს, რომ "ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობაზე". ეს პროგრამა შედგება 17 მდგრადი განვითარების გლობალური მიზნისაგან, რომელთაგანც მე-4 მიზანი განათლებას ეხება და მოიცავს განათლება 2030-ის მიერ დასახულ მიზნებს.
მიუხედავად ბოლო 15 წლის მანძილზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა განათლება ყველასათვის და განათლებასთან დაკავშირებული ათასწლეულის განვითარების მიზნები შეუსრულებელი დარჩა. განათლება 2030, მიმდინარე და ახალ გამოწვევებთან ერთად, ამ მიზნების შესრულებასაც მოიცავს.
4 ნოემბრის შეხვედრა თავს უყრის მინისტრებს, სამთავრობო დელეგაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო სააგენტოების ხელმძღვანელებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მასწავლებლებს, ახალგაზრდებს და კერძო სექტორს - რომლებიც ერთად მიიღებენ განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩოს.
ღონისძიების დამთავრებისთანავე ოფიციალურად გამოვა გამოცემა: "განათლების გადახედვა: საერთო გლობალური სიკეთისკენ?" . პუბლიკაცია მოიცავს განათლება 2030-ის ხედვასა და პრინციპებს და ასევე, მოუწოდებს საჯარო პოლიტიკის დიალოგისკენ განათლების მიზნის გარშემო.