საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით 2016 წლის 10-11 მარტს გაიმართა ორდღიანი კონფერენცია "სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ხარსიხიანი სასკოლო განათლების, როგორც სახელმწიფოს განვითარების საფუძვლის მნიშვნელობის ხაზგასმა და აქედან გამომდინარე, კონფერენციის ძირითადი თემები ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში სასკოლო განათლების წამმართველი როლის გაძლიერებას, ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის, სკოლის მასწავლებლების მნიშვნელობის ამაღლების სტრატეგიულ საკითხებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" გამგეობის თავმჯდომარე რევაზ აფხაზავა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა სკოლის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების აუცილებლობაზე და ამ ჭრილში მიმოიხილა კოალიციის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი "დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში", რომელიც გულისხმობს სკოლების მართვისა და დაფინანსების საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან უნიფიცირებული მიდგომის ნაცვლად, დიფერენცირებული პოლიტიკის გატარებას სკოლის კონტექსტიდან გამომდინარე. დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1WWdfd0p6NHMzQzA/view